„ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“ კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ (PFID) საქართველოს წარმომადგენლობასთან და ემორის უნივერსიტეტთან (აშშ, ატლანტა) ერთად ერთობლივი სასერთიფიკატო სახელობო საექთნო სასწავლო პროგრამის ფარგლებში ატარებს სასერთიფიკატო კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მომუშავე დიპლომირებული ექთნებისა და ექთნის დამხმარეებისათვის.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნების უმეტესობას PFID-ის ტრენინგი „ზოგადი საექთნო კურსი" გავლილი აქვს, თუმცა ბოლოდროინდელი სიახლეების გაცნობის მიზნით, პროფესიული განვითარებისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კლინიკის ადმინისტრაციის მოთხოვნით, კორპორაციამ საუნივერსიტეტო კლინიკის საექთნო პერსონალისთვის უზრუნველყო სპეციალური, 10 დღიანი სასწავლო პროგრამა. კურსი მოიცავს მედპერსონალის გადამზადებას როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში, - საექთნო მანიპულაციებსა და პროცედურებში, ასევე, პაციენტის შემთხვევის განხილვას და დისკუსიას.
ტრენინგებს უძღვებიან ემორისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის, „საექთნო პროგრამის" ფარგლებში მომზადებული სპეციალისტები, ექთნის ტრენერები, მათ შორის - ქეთევან ქოქიაური და თამარ შარაშენიძე.
ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში უკვე გადამზადდა 80-მდე ექთანი. ინტენსიურად მიმდინარეობს დარჩენილი საექთნო პერსონალის გადამზადება. თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გეგმავს საექთნო პერსონალის პროფესიულ განვითარებას.